ევროპარლამენტის სამი წევრის განცხადება - ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი, გადაიდგმება დაუყოვნებელი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად
ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამი წევრის განცხადებაში.
განცხადების ავტორები არიან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული და გადაიდგმება დაუყოვნებელი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.
„შაბათს, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები უაღრესად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჩართულობა და ერთგულება დემოკრატიისადმი არა მხოლოდ თავისი ხმის მიცემის უფლების მასობრივი გამოყენებით, არამედ ამ არჩევნებზე დაკვირვებაში აქტიური მონაწილეობით და დარღვევების შესახებ შეტყობინებით. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (რომელშიც შედიოდა ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაცია) წინასწარი შეფასებით, ეს არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლებზე ზეწოლის, არათანაბარი პირობების, პოლარიზებული მედიაგარემოსა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის შესახებ ცნობების ფონზე. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღრიცხულ დარღვევებს შორის იყო ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ორმაგი ხმის მიცემის, მედიისა და დამკვირვებლების გაყვანის, საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ ამომრჩეველთა დაშინების ინციდენტები. ყველა დაფიქსირებული დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და განხილული შესაბამისი გასაჩივრების პროცედურების შესაბამისად, სათანადო დაყოვნების გარეშე. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის.
ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც 2023 წელს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ. ქართველი ხალხი მუდმივად აჩვენებს, რომ სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში. ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული და გადაიდგმება დაუყოვნებელი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად, ქართველების მისწრაფებების შესაბამისად. გავაგრძელებთ დაკვირვებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიტიკული პერიოდის გადალახვაში და ყველა მოქალაქისთვის დემოკრატიული, აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად მუშაობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.