ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დეზინფორმაციულ აქტივობებზე რეაგირებას ითვალისწინებს
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დეზინფორმაციულ აქტივობებზე რეაგირებას ითვალისწინებს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მტკიცე რეაგირება მოახდინონ მტრულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციულ აქტივობებზე, მათ შორის – სანქციების დაწესებით. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დოკუმენტში შეჯამებულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ანტიევროპული პროპაგანდის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი აგრესიულ ქმედებებს მიმართავენ, რომელთა მიზანია, დემოკრატიული სახელმწიფოების ხელყოფა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნებში ჩარევა.

„ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ევროკავშირმა და მისმა წევრებმა როგორც ევროკავშირის, ისე საერთაშორისო დონეზე, უნდა შეიმუშაონ საკანონმდებლო ჩარჩო. საჭიროა განახორციელონ მიზანმიმართული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია ევროპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიონ მტრულ დეზინფორმაციას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა წევრ ქვეყანას, შეაფასონ მათ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ანგარიში ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული გახდეს ევროკავშირის დონეზე. ის გვთავაზობს რიგ რეკომენდაციებს, როგორ შევცვალოთ ჩვენი ინსტიტუტების მიდგომა, გავაუმჯობესოთ კოორდინაცია, გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის როლი და ახალი ტექნოლოგიები ამ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანა ფოტიგამ კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტის განხილვისას.