ევროპარლამენტის რეზოლუცია - უნგრეთს ამიერიდან შეიძლება, ეწოდოს „ელექტორალური ავტოკრატია“, სადაც არჩევნები რეგულარულად იმართება, თუმცა დემოკრატიული ნორმების პატივისცემის გარეშე
ევროპარლამენტის რეზოლუცია - უნგრეთს ამიერიდან შეიძლება, ეწოდოს „ელექტორალური ავტოკრატია“, სადაც არჩევნები რეგულარულად იმართება, თუმცა დემოკრატიული ნორმების პატივისცემის გარეშე

ევროპარლამენტის შეფასებით, უნგრეთი სრულად დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, უნგრეთს ამიერიდან შეიძლება, ეწოდოს „ელექტორალური ავტოკრატია“, სადაც არჩევნები რეგულარულად იმართება, თუმცა დემოკრატიული ნორმების პატივისცემის გარეშე.

შესაბამის რეზოლუციას 433 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 123, ხოლო თავი შეიკავა 28 კანონმდებელმა.

დოკუმენტში ევროპარლამენტარები პასუხისმგებლობას პირადად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აკისრებენ და გმობენ მისი მთავრობის მიზანმიმართულ და სისტემურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროპის ძირითადი ღირებულებების შერყევისკენ.

რეზოლუციაში ევროდეპუტატები გამოთქვამენ შეშფოთებას უნგრეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები გამო. მათ შორის, ეს ეხება საარჩევნო სისტემას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, გამოხატვის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ლგბტქი უფლებებს, ასევე უმცირესობებისა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვას.

ევროპარლამენტარები ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებმაც დაუშვეს უნგრეთში დემოკრატიის უკუსვლა და ქვეყნის გადაქცევა ჰიბრიდულ „ელექტორალურ ავტოკრატიად“.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი რომელიმე წევრ ქვეყანას „არასათანადო დემოკრატად“ აცხადებს.