ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ქართველები ევროპელები არიან და გვსურს, გზა გავუხსნათ უკეთეს თანამშრომლობას, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
ევროპარლამენტი ძალიან აფასებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანი, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანტონიო ტაიანის თქმით, ევროკავშირში საქართველოს ბევრი მოქალაქე მოგზაურობს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტია, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე რეგიონის სტაბილურობისთვის.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია. ეს ძალიან სიმბოლურია და ევროპარლამენტი ძალიან აფასებს. ხაზი გავუსვით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, ვისაუბრეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე. ამ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობის გაძლიერება გვსურს. პარლამენტთაშორის დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ქართული კულტურის კვირეული გვექნება. ქართველები ევროპელები არიან და გვსურს, გზა გავუხსნათ უკეთეს თანამშრომლობას, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, – აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. დღესვე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.