ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს
ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.
როგორც პირველ არხს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციაში ორ კონტექსტშია ხაზი გასმული.
„რეზოლუციაში, რომელსაც ხუთშაბათს ევროპარლამენტი დაამტკიცებს, კონკრეტული გვარებია ჩაწერილი. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის მკვლელობებზე. ამ მკვლელობებზე საუბარია იმ ნაწილშიც, სადაც რეზოლუცია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, დისკრიმინაციაზე, გადაადგილების შეზღუდვაზე აკეთებს აქცენტს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტი არის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნა და იქ გაკეთებულ განცხადებებსა და მიღებულ რეზოლუციას ძალიან დიდი პოლიტიკური წონა აქვს.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.