ევროპარლამენტის კომიტეტმა კოსმეტიკის ცხოველებზე გამოცდის აკრძალვის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, მსოფლიოში ცხოველებზე კოსმეტიკური საშუალებების გამოცდის აკრძალვის მიზნით დიპლომატიური დისკუსია დაიწყოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რეზოლუციაში დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, შესაბამის ზომები 2023 წლამდე აამოქმედონ. თავად ევროკავშირში 2013 წლიდანაა აკრძალული ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვა, რომელმაც ტესტირება ცხოველებზე გაიარა. ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აკრძალვას ევროკავშირის კოსმეტიკური დარგის განვითარებისა და ორ მილიონამდე სამუშაო ადგილის შექმნისთვის ხელი არ შეუშლია.
ამის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ცხოველებზე კოსმეტიკის გამოცდა დაშვებულია.
ასევე, ევროპელი პარლამენტარები ევროკავშირის სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი კომპანია კოსმეტიკურ საშუალებებს ცხოველებზე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ცდის, შემდეგ კი, ალტერნატიული მეთოდებით ევროკავშირის შიგნით მათ მეორედ ამოწმებს.
გარდა ამისა, კანონმდებლების თქმით, კოსმეტიკური პროდუქტების მრავალი ინგრედიენტი გამოიყენება ასევე ფარმაცევტულ პრეპარატებში, სარეცხ საშუალებებსა და საკვებ პროდუქტებში, ამიტომ ისინი შესაძლოა, ცხოველებზე სხვა კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცადონ. აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს ტესტირების ალტერნატიული მეთოდების შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
რეზოლუციას გარემოს დაცვის კომიტეტის 63-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. დოკუმენტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარტში უყრიან კენჭს.