ევროპარლამენტის დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტის დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტის 60 დეპუტატი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მწვანეთა პარტიის გერმანელმა დეპუტატმა რებეკა ჰარმსმა დაწერა.

„ევროპარლამენტის 60 წევრი სთხოვს ევროკავშირის მთავრობებს, თავი შეიკავონ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებისგან. მშვიდობა, სპორტი და პუტინი? ეს შეუძლებელია“, -წერს ჰარმსი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის 46-მა წევრმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ევროკავშირის ლიდერებს ფეხბურთის ჩემპიონატის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
„ვიდრე პუტინი განაგრძობს ყირიმის უკანონო ანექსიას, დაკავებული ჰყავს უკრაინელი პოლიტიკური პატიმრები და მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში ომს, თავს ვერ მოვაჩვენებთ, თითქოს ამ ტურნირს ჩვენი კეთილი მეზობელი ატარებს“, -ნათქვამია ევროპელი პარლამენტარების წერილში.

დეპუტატების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლა ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპული ღირებულებების დაცინვის ჩამონათვალში მხოლოდ უკანასკნელი შემთხვევაა.