ევროპარლამენტი საუდის არაბეთის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესების ინიციატივით გამოდის
ევროპარლამენტმა საუდის არაბეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუცია ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, წევრი ქვეყნების მხრიდან საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს იემენში მიმდინარე ძალადობას და მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და დაზიანება, ასევე საერთაშორისოდ აკრძალული კასეტური შეიარაღების გამოყენება, ომის კანონების დარღვევაა” – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუცია მოგერინის ასევე მოუწოდებს, სწრაფად წარადგინოს ევროკავშირის საერთო სტრატეგია იემენთან მიმართებით. რეზოლუციას მხარი 539-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 81-მა კი თავი შეიკავა.