ევროპარლამენტარი ვიქტორ ნეგრეცკუ - მხარს ვუჭერთ საქართველოს ღია გზას ევროპისკენ, ეს არჩევნები იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ საქართველო წინ მიდის ამ მიმართულებით
ევროპარლამენტარ ვიქტორ ნეგრეცკუს განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრები მონიტორინგს უწევენ საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. მისივე თქმით, იმედი აქვთ სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების.
ამასთან, როგორც ვიქტორ ნეგრეცკუ ამბობს, ეს არჩევნები იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ საქართველო ევროპის მიმართულებით მიდის.
„ჩვენ აქ სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვართ, რათა მონიტორინგი გავუწიოთ, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გვექნება საუბარი, რომ გავიგოთ, როგორ არის პროცესი ორგანიზებული, მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი მიმდინარე საკითხებზე. ისევ და ისევ, ჩვენ აქ ვართ და ველით, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. ამასთანავე, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები, მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ღია, გამჭვირვალე არჩევნებს. მხარს ვუჭერთ საქართველოს ღია გზას ევროპისკენ და ეს არჩევნები იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ საქართველო წინ მიდის ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვიქტორ ნეგრეცკუმ.