ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოიქეცით სახელმწიფოებრივად და ზრდასრული ადამიანებივით
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოიქეცით სახელმწიფოებრივად და ზრდასრული ადამიანებივით

ყველა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მათ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, – ეს განცხადება გერმანელმა ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

ევროდეპუტატმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდა.

„მუდმივად გამოსავალზე ვარ ორიენტირებული. ამიტომ, ვიტყვი ერთადერთს, არც ერთმა მხარემ არ უნდა ეძებოს მიზეზი უკან დასახევად. არც ერთმა მხარემ არ უნდა თქვას, რომ მე უკვე დავთმე და ახლა თქვენ ეს უნდა მიიღოთ. არა, დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა. ყველა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მათ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, არ უნდა იფიქრონ, რომ რომელიმე მათგანს ახლა უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი პოზიცია აქვს“, – განაცხადა გალერმა.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც დემოკრატია სათანადოდ მუშაობს, საბოლოო ჯამში, მხარეები ყოველთვის ახერხებენ გადაკვეთის წერტილების პოვნას, რას ყველასთვის მისაღებია.

„მოვუწოდებ მხარეებს, იყვნენ ორიენტირებულები გამოსავალზე და არ დაეთანხმონ გარე ჩარევას. ვგულისხმობ მმართველი პარტიის მხარეს, ბიძინა ივანიშვილს და ოპოზიციის მხარეს, მიხეილ სააკაშვილს. მარტივად რომ ვთქვათ, ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთაც არ აქვთ ფორმალური ფუნქცია და ამ დროს გადაწყვეტილებას იღებენ. ეს არის ანომალიის ნიშანი. მსურს, რომ საქართველო გახდეს ნორმალური დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებას ხალხის მიერ არჩეული და თანამდებობაზე მყოფი პირები იღებენ და არა მათ ზურგს უკან მყოფი პირები. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არც ერთი მხარეს არ ვარ და არც ერთს არ ვუმაგრებ ზურგს. თუმცა, მოვუწოდებ ორივე მხარეს, გამოსავალი იპოვონ იმ ადამიანებმა, ვინც არჩეულია ან იკავებს თანამდებობას. ერთადერთი მისაღები გზავნილები ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისგან, იქნებოდა კონსტრუქციული პოზიცია, რომ მათ მოუწოდონ მხარეებს გამოსავლის პოვნისკენ და არა მოლაპარაკებების ბლოკირებისკენ“, – განაცხადა გალერმა.

მისი თქმით, ყველა პარტიაში არსებობენ ისინი, ვინც წვლილი შეიტანა კონფრონტაციის გამწვავებაში და პროცესი ჩიხში მიმავალ გზაზე დააყენა და ისინიც, ვინც ეძებენ გამოსავალს.

„ვნახეთ, როგორია საქართველო ახლა და ვნახეთ, როგორი იყო საქართველო სააკაშვილის მმართველობის დასასრულს. ყველა პარტიაში არსებობენ ისინი, ვინც წვლილი შეიტანა კონფრონტაციის გამწვავებაში და პროცესი ჩიხში მიმავალ გზაზე დააყენა და ისინიც, ვინც ეძებენ გამოსავალს. მხარს ვუჭერ სწორედ გამოსავალზე ორიენტირებულ ხალხს. ის, რაც ახლა ხდება უკავშირდება საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივას. მხარეებმა უნდა შეინარჩუნონ ევროატლანტიკური ორიენტაცია. ეს არის ის გეზი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. მათ არ სურთ პოლიტიკური ჩიხის ხილვა, რომლითაც მხოლოდ კრემლი და პუტინი იხეირებს“, – განაცხადა გალერმა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა პარტიას აქვს საერთო დღის წესრიგი და ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია.

„საქართველოს აქვს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს სერიოზული დღის წესრიგი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაჭრელი გამოწვევებია „კოვიდ-19“ და ეკონომიკური აღდგენა. გვსურს, დაგეხმაროთ და აუცილებლად დაგეხმარებით, მაგრამ თუ ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური კრიზისია, როგორ უნდა დავარწმუნოთ ევროპელი ამომრჩევლები, რომ მათ დიდი ფული ჩადონ ამ ქვეყნის პოზიტიური განვითარებისთვის? გვსურს, ქვეყანა განვითარდეს და ამ შემთხვევაში ვზრუნავთ მოქალაქეებზე. ეს დახმარება არ უკავშირდება მთავრობას ან ოპოზიციას, გრძელვადიან ან მოკლევადიან მოგებას, ან დანაკარგს“, – განაცხადა გალერმა.

ამასთან, გერმანელმა ევროდეპუტატმა კომპრომისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დიახ, დაპირისპირებულ მხარეებს აქვთ სიამაყე, მაგრამ დღევანდელ რთულ სამყაროში, საბოლოო ჯამში, ასე არ ხდება. თავად მეც, ყოველდღე მივდივარ კომპრომისებზე. ძალიან მსურს, რომ ევროპარლამენტში გვყავდეს უმრავლესობა, მაგრამ ეს არასდროს ხდება. ჩვენ გვიწევს შეთანხმება ისეთ ადამიანებთანაც კი, რომლებიც ძალიან არ მოგვწონს. სწორედ ეს არის თქვენი ამოცანა. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ან ხარ ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან ძალაუფლებაზე, ან ხარ გამჭრიახი პოლიტიკოსი, სახელმწიფოებრივად იქცევი და ეძებ გამოსავალს. მივმართავ ყველა მხარეს, მოიქცნენ სახელმწიფოებრივად. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ახლა უქმე დღეებიც გამოიყენოთ არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის. მოიქეცით ზრდასრული ადამიანებივით“, – განაცხადა გალერმა.

ევროდეპუტატ მიხაელ გალერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს მოისმენთ 22 მარტს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.