ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა - ევროკომისარს მოვუწოდებ, საქართველოს მთავრობის იზოლაცია მოახდინონ დაფინანსების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით, რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო „სანიტარული ზონის“ შექმნით
მოვუწოდებ ევროკომისარს, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის იზოლაცია მოახდინონ დაფინანსების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით, საერთაშორისო დონეზე რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო „სანიტარული ზონის“ შექმნით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორები ძალაუფლების მოპოვებას დემოკრატიული არჩევნებით ცდილობენ, თუმცა თუ მათ არასდროს სურთ ძალაუფლების დათმობა, ისინი საფრთხე ხდებიან არა მხოლოდ საკუთარი ერისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ძალაუფლების დათმობას, რომელიც მისი აღარ იყო.
„თუმცა 2016 წლიდან, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმების გზას მიჰყვება. სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლებაშია ხალხი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში ინვესტიციებით მოიპოვა.
დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია ის, ვისაც გარკვეულ წრეებთან კრიმინალურის მსგავსი ურთიერთობები გააჩნია. დროა, დასკვნები გამოვიტანოთ. შესაბამისად, თქვენ მოგიწოდებთ, ევროკომისარო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოთ ევროპული დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო „სანიტარული ზონის“ შექმნით“, – განაცხადა გოშევსკამ.