ევროპარლამენტარი იაკ მადისონი - რუსეთი ემუქრება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას, ის არის საფრთხე უკრაინისთვის და საქართველოსთვის, ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის
ვეთანხმები, რომ რუსეთი ემუქრება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას. ის არის საფრთხე უკრაინისთვის და საქართველოსთვის, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის, – ამის შესახებ ესტონელმა ევროდეპუტატმა იაკ მადისონმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომელზეც ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობების სტრატეგია განიხილებოდა.
თუმცა, მისი თქმით, ანგარიშში არის ბევრი საკითხი, რომელსაც არ ეთანხმება.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ვეთანხმები ამ ანგარიშში მოყვანილ ბევრ ელემენტს. მე ვეთანხმები, რომ რუსეთი ემუქრება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას. ის არის საფრთხე უკრაინისთვის და საქართველოსთვის, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის. მე ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან ესტონელი ვარ. თუმცა არის ბევრი საკითხი, რასაც არ ვეთანხმები. ანგარიში ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა აწარმოოს ურთიერთობები რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ ბატონი ბორელი, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უნდა ესაუბროს რუსეთს 27 წევრი ქვეყნის სახელით. ჩვენ, რამდენიმე თვის წინ უკვე ვნახეთ ბორელის ვიზიტი რუსეთში და ეს სამარცხვინო იყო. ამიტომ მირჩევნია, რომ ბატონი ბორელი ჩვენი გვერდის ავლით არ საუბრობდეს რუსეთთან“, – აღნიშნა იაკ მადისონმა.