ევროპარლამენტარი ანდრეი ჰალიცკი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი გვაქვს, თქვენთვის კარი ღიაა
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი გვაქვს, ევროკავშირში თქვენთვის კარი ღიაა, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ანდრეი ჰალიცკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
„ევროპელების საერთო პარლამენტიდან უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილია, რომ გზა, პროცედურები გაივლის სწრაფად და მოლაპარაკებები მალე დაიწყება. რასაკვირველია, ახლა მთავარია, ომი დროულად დასრულდეს. ეს არის პირველი რიგის ამოცანა. ჩვენ გვყავს სამი პოტენციური ახალი წევრი, ვგულისხმობ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. სამივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი გვაქვს – თქვენთვის კარი ღიაა. ძალიან ცხადია, რომ დრო მოვიდა, გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და მარტივი, მოკლე, რამდენადაც შესაძლებელია. მივესალმებით, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოსახლეობა გახდეს საერთო ევროპული სივრცის ნაწილი. ვფიქრობ, ეს არ არის უბრალოდ ამ სამი ასოცირებული ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, არამედ მთელი ევროპის, რადგან ახლა უკრაინელები საკუთარი ბრძოლით იცავენ მთლიანად ევროპას“, – განაცხადა ანდრეი ჰალიცკიმ.