ევროპარლამენტარების ჯგუფი - თავდასხმა თუ არ შეწყდება, მოვუწოდებთ საბჭოს, გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და განიხილოს სანქციების დაწესება თავდასხმაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ
ვგმობთ აზერბაიჯანის დღევანდელ წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ თავდასხმას მთიან ყარაბაღზე. ვწუხვართ მანამდე ნაღმების აფეთქების შედეგად დაღუპულების გამო და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, სომხეთის საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ანდრეი კოვატჩევი და აზერბაიჯანის საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ჟელიანა ზოვკო.
როგორც ოთხი ევროპარლამენტარის განცხადებაშია აღნიშნული, არავითარი გარემოება არ ამართლებს აზერბაიჯანის ფართომასშტაბიან სამხედრო ესკალაციას.
„სრულიად მიუღებელია აშკარად წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც წამოწყებულია მთელი შეხების ხაზის გასწვრივ, აფეთქებებიდან რამდენიმე საათის მერე და აზერბაიჯანული სამხედროების რაოდენობის გაზრდის, მათი აგრესიული რიტორიკის შემდეგ.
ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება. პირდაპირი მოლაპარაკებები ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ერთადერთი გზაა მთიანი ყარაბაღის სომხებისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად და ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.
ვწუხვართ, რომ ბაქოს შეტევა სერიოზულად ძირს უთხრის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიიღოს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო მოწოდებები უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ხდება მთიან ყარაბაღში დიდი ჰუმანიტარული კრიზისის კონტექსტში, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შემდეგ, რაც არღვევს ბაქოს მიერ 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის განცხადების საფუძველზე აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულად სავალდებულო განკარგულებებს. მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული წვდომა სრულად და საბოლოოდ უნდა აღდგეს.
ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ აზერბაიჯანის ქმედებების შედეგებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, თავი შეიკავოს სამხედრო ესკალაციის საბაბით ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადასახლებისგან. მიმდინარე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს, ფუნდამენტურად გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან ამ კუთხით და განიხილოს სანქციების დაწესება თავდასხმაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.