„ევრონიუსმა“ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც თურქეთიდან იმპორტის საშუალებით 200-მდე მედიკამენტზე ფასების შემცირებას ითვალისწინებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას „ევრონიუსი“ ეხმაურება.
რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოში 200-მდე მედიკამენტზე ფასები შემცირდება. სიუჟეტის ავტორის თქმით, საქართველოს მთავრობამ დეფიციტის დაძლევის მიზნით თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაუშვა. მისივე განმარტებით, საქართველოსთან შედარებით, ბევრი მედიკამენტის ფასი თურქეთში 1 000 პროცენტით იაფია.
რეპორტაჟის ავტორი მოქალაქეების აზრით დაინტერესდა. ნანა შუკაკიძე, რომელსაც ხშირად უწევს აფთიაქში სიარული გულის წამლების შესაძენად, აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების გამო ხანდახან ვერ ახერხებს საკმარისი დოზის შეძენას, რადგან მხოლოდ მცირე თვიური პენსია აქვს. შუკაკიძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მედიკამენტების ფასები იმდენად გაიზარდა, რომ ქართველი მოხუცებისთვის ეს ფუფუნება გახდა.
„აქ პენსიონერებისთვის წამლები მიუწვდომელია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის ექიმმა ფრანგული წამალი გამომიწერა. თვეში დაახლოებით 70 ევრო მჭირდება. ჩემი შვილები რომ არა, არ ვიცი, როგორ შევძლებდი გადახდას“, – აცხადებს რესპონდენტი სიუჟეტში.
რეპორტაჟის ავტორის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, მთავრობამ თურქეთის ბაზრისთვის ეროვნული სექტორის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მედიკამენტების დეფიციტი აღმოიფხვრება.
როგორც „ევრონიუსის“ ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე შემოიტანონ თურქული მედიკამენტები.
ამასთან, სიუჟეტში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოჩნდება საქართველოს აფთიაქების დახლებზე თურქეთიდან შემოტანილი წამლები.
სიუჟეტი „ევრონიუსის“ ვებგვერდზე ესპანურ და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.