„ევრონიუსი“ - ევროპის მასშტაბით ექსტრემალური ამინდი გრძელდება, ქვეყნები ებრძვიან გადაუღებელ წვიმებს, წყალდიდობებს და ტყეში ხანძრებს
„ევრონიუსი“ - ევროპის მასშტაბით ექსტრემალური ამინდი გრძელდება, ქვეყნები ებრძვიან გადაუღებელ წვიმებს, წყალდიდობებს და ტყეში ხანძრებს

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროპის მასშტაბით ექსტრემალური ამინდი გრძელდება, ქვეყნები ებრძვიან გადაუღებელ წვიმებს, წყალდიდობებს და ტყეში გაჩენილ ხანძრებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ხორვატიაში, სადაც უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი მიწები. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია არმია.

სლოვენიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, ბოლო ცნობებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ზარალი 500 მილიონ ევროს აჭარბებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიამ ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედი დააზარალა, დასახლებების ნაწილი მეწყერის გამო გარესამყაროს მოწყდა.

წყალდიდობაა ავსტრიაში, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კარინთიასა და სტირიას რეგიონებში.

ესპანეთში კი მეხანძრეები ტყეში გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან. კატალონიაში ცეცხლმა, სულ მცირე, 5 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ხანძრების გმო 130 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ბოლო ცნობებით, კატალონიაში სიტუაცია ამ დროისთვის გაუმჯობესდა და მეხანძრეებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება შეძლეს.

ხანძარი მძვინვარებდა ასევე საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე, თუმცა მისი ლიკვიდირება მეხანძრეებმა შეძლეს.

პორტუგალიაში, კერძოდ, კასტელო ბრანკოს სიახლოვეს ხანძარს ებრძვის 100-ზე მეტი მეხანძრე. ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლის დანახვა ასობით კილომეტრიდანაც არის შესაძლებელი.