დასრულდა საკალათბურთო „ევროლიგის“ მორიგი სეზონი. წლევანდელი გათამაშების ჩემპიონი მოსკოვის „ცსკა“ გახდა. რუსულმა კლუბმა ფინალში სტამბოლის „ეფესს“ ანგარიშით 91:83 მოუგო და არსებობის ისტორიაში მერვედ გახდა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული.
ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში გამართული მატჩი მოსკოველთა უპირატესობით აღინიშნა. დიმიტრის იტუდისის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა. ერთ ეპიზოდში უპირატესობამ 14 ქულა შეადგინა. ამის მიუხედავად, „ეფესი“ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა მეტოქეს და 4 ქულამდე მიახლოებაც შესძლო, თუმცა „ცსკა“-მ მაინც მოახერხა საბოლოო გამარჯვების მოპოვება.
ამ გუნდის რიგებში კორი ჰიგინსი და უილ კლაიბერნი იყვნენ გამორჩეულები 20-20 ქულით. თურქულ კლუბს, როგორც მოსალოდნელი იყო, შეინ ლარკინმა ულიდერა. ამერიკელი უკანახაზელის მონაგარმა 29 ქულა შეადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად დასახელდა ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე. აღნიშნული პრიზის მფლობელი გამარჯვებული გუნდის ამერიკელი ფორვარდი, უილ კლაიბერნი გახდა. გუშინვე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, მადრიდის „რეალმა“ სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მოუგო. შარშანდელმა ჩემპიონმა ანგარიშით 94:75 გაიმარჯვა.