„ვალენსიას“ „რეალთან“ მამარდაშვილის მოგერიებებმაც ვერ უშველა - სამეფო კლუბმა დამაჯერებლად გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილს და „ვალენსიას“ ესპანეთის ჩემპიონატში დიდი გამოცდა მოუწყვეს – ქართველის გუნდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მარდიდის „რეალს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩი საქართველოს ნაკრების მეკარემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საქმე პირველივე წუთებიდან ჰქონდა. მე-3 წუთზე ლუკა მოდრიჩმა ბურთი „ვალენსიას“ მცველებში გააძვრინა და მეკარესთან პირისპირ მარკო ასენსიო დატოვა. მაგრამ მამარდაშვილმა მადრიდის „რეალის“ შემტევის დარტყმაზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. 28-ე წუთზე გიორგი ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორის დარტყმასაც გადაეღობა. შესვენებამდე მადრიდელებმა მაინც გაიტანეს – კუთხურის შემდეგ ანტონიო რუდიგერმა თერთმეტმეტრიანის სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და „ვალენსიას“ კარი აიღო, ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას  ბენზემას მცველზე უხეში თამაში დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა, ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

თუმცა, დაიწყო მეორე ტაიმი და „რეალმა“ უპირატესობა სწრაფად მოიპოვა. 51-ე წუთზე მარკო ასენსიომ ზუსტი, ძლიერი და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. 4 წუთში კი ვინისიუსმა მადრიდელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 72-ე წუთზე „ვალენსიას“ იმედები საბოლოოდ გადაეწურა, როდესაც ვინისიუსთან უხეშობისთვის გაბრიელ პაულისტას მსაჯმა წითელი ბარათი სამართლიანად უჩვენა. ორ წუთში მამარდაშვილმა სტუმრები ორჯერ გადაარჩინა – ჯერ ფედერიკო ვალვერდეს დარტყმა მოიგერია და შემდეგ დამატებაზეც შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. ასევე მოხდა 90-ე წუთზე, როდესაც როდრიგოს შესრულებული ჯარიმის შემდეგ უძლიერესი დარტყმა მოიგერია.

ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზე დარჩა და გავარდნის ზონას მხოლოდ ქულა აშორებს, „რეალმა“ (45) კი ლიდერ „ბარსელონასთან“ (50) ჩამორჩენა შეამცირა და მეორე პოზიციაზეა.