ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროპული საბჭოს სამიტზე გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, ვიმედოვნებ, დისკუსიას პოზიტიური შედეგები ექნება
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, მაროშ შევჩოვიჩის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ყველაფერი დეტალურად იქნება განხილული.
მისივე თქმით, მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ ევროკომისარი ვარჰეი ბრიფინგს გამართავს.
„ვფიქრობ, დღეს ყველაფერი დეტალურად იქნება განხილული მინისტრების მიერ. რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, წინ გავუსწრო ამ დისკუსიების შედეგად დასკვნებს. ყველაფერი იქნება განხილული ყველა ასპექტიდან. დარწმუნებული ვარ, ევროკომისარი ვარჰეი მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართავს ბრიფინგს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს საკითხები განხილული იქნება მინისტრების მიერ, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ წინ ვერ გავუსწრებთ საბჭოს მიერ ფორმალურ განხილვას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე განცხადებებისა და დასკვნების გაკეთებამდე უნდა დაველოდოთ ყველა მინისტრის მიერ განხილვას“, – განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.
ამასთან, როგორც მაროშ შევჩოვიჩმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროპული საბჭოს სამიტზე, რომელიც 14 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
„ვფიქრობ, გაფართოება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხუთშაბათს ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში. ეს არის ერთ-ერთი ისტორიული სამიტი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. შესაბამისად, ველოდები, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ მოლაპარაკებების კარგად მოსამზადებლად ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც შეიკრიბებიან ორ დღეში და ექნებათ დეტალური დისკუსია. ვიმედოვნებ, დისკუსიას პოზიტიური შედეგები ექნება“, – განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.
მაროშ შევჩოვიჩს ასევე კითხვა დაუსვეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციაზე და ვეტოს საკითხზე.
„როგორც იცით, დიპლომატია არის სრულად ამოქმედებული. ლიდერებს შორის მიმდინარეობს კომუნიკაცია, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მჭიდრო კონტაქტზეა ყველა ლიდერთან. დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის მხრიდანაც გავაკეთებთ მაქსიმუმს ევროპული საბჭოს სხდომის პოზიტიური შედეგებისთვის“, – აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.