ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს აქვს ძალა, მაგრამ მისი წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა დაადგეს აუცილებელი რეფორმების მკაფიო გზას
ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს აქვს ძალა, რომელიც განსაკუთრებით ეხება მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტაციას, მაგრამ განაცხადის წარმატებისთვის საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა დაადგეს აუცილებელი რეფორმების მკაფიო გზას, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა ევროპარლამენტში უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ეს დასკვნები დამყარებული იყო სამ კრიტერიუმზე, პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების უნარზე.
„უკრაინა საქართველო და მოლდოვა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილები არიან. მოხარული ვარ, რომ ეს ერთხმად იქნა აღიარებული ლიდერების მიერ ევროკომისიის დასკვნის მიღებისთანავე და მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის. ეს დასკვნები დამყარებული იყო სამ კრიტერიუმზე – პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების უნარზე. საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა და უკრაინა, იზიარებს იგივე მისწრაფებებს და პოტენციალს. მის განაცხადს აქვს ძალა, რომელიც განსაკუთრებით ეხება მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტაციას, მაგრამ განაცხადის წარმატებისთვის საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა დაადგეს აუცილებელი რეფორმების მკაფიო გზას, სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობით. სწორედ ამიტომ მიენიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივით, როდესაც ეს რეფორმები განხორციელებული იქნება“, – განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.