ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

მისივე თქმით, ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.

ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად. ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში, რათა ქვეყანამ გაამართლოს თავისი მოქალაქეების იმედები ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.