ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ფაქტობრივად, კონსენსუსი მიღწეულია ყველა საკითხთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, დღეს უკვე მიღწეული კონსენსუსის შეჯამება მოხდება და მზად ვიქნებით, საკომიტეტო მოსმენაზე გადავიტანოთ ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო. მონახაზი არის ასეთი – იზრდება მთავრობის პარლამენტში მოსვლის სიხშირე, ანგარიშვალდებულება, რაც ძირითადად ინტერპელაციის რაოდენობის გაზრდით შეიძლება გამოიხატოს. იზრდება პასუხისმგებლობა მთავრობის მხრიდან დეპუტატის შეკითხვაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით და ჩვენი კომიტეტი სპეციალურ, დამატებით პროცედურებს შემოიღებს, რათა ეს საკითხი – დეპუტატის კითხვაზე პასუხის დროული გაცემა მაქსიმალურად მოწესრიგდეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ იქნება მონიტორინგი ყველა იმ მიმართულებით, რაც საპარლამენტო კონტროლის საკითხებს ექვემდებარება. მოხდება რეგულაციების უფრო დახვეწა, რომელიც თემატური მოკვლევის და ნორმატიული აქტების შესწავლის საკითხს ეხება. ასევე, არის წინადადება, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსვლას პარლამენტში – რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.