ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტერეზა მეიმ და ოპოზიციის ლიდერმა ბრექსიტთან დაკავშირებით, კონსენსუსს უნდა მიაღწიონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ოპოზიციის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ბრექსიტთან დაკავშირებით მხოლოდ საკუთარი პარტიების ინტერესებზე არ უნდა იფიქრონ, – ამის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, გერმანულ გამოცემა „ველტთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.
„იმედი მაქვს, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანესი პარტიების წარმომადგენლები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს გაითვალისწინებენ და მხოლოდ საკუთარი პარტიების ინტერესებზე აღარ იფიქრებენ“, – განაცხადა ფრანს ტიმერმანსმა.
ასევე, ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
„ჩვენ ევროპის მოქალაქეების მიმართ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს. ესენია ევროკავშირის ბაზრის, ასევე, ირლანდიის და გაერთიანების საზღვრების დაცვა. ევროკავშირისთვის არსებობს გარკვეული საზღვარი და ამ საზღვარს უკვე მივაღწიეთ“, – აღნიშნა ფრანს ტიმერმანსმა ინტერვიუს დროს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბრექსიტის საკითხის განსახილველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ლეიბორისტთა პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა შეხვედრა გამართეს, თუმცა გარკვეული შედეგისთვის არ მიუღწევიათ.
მოლაპარაკებების შემდეგ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრექსიტის თარიღის გადადება კიდევ საჭირო იქნება, რადგან ოპოზიციის ლიდერ ჯერემი კორბინთან მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს.