ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში, საქართველოს გარდა, სხვა კანდიდატი ქვეყნების შესახებაც არის საუბარი
ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც არის საუბარი.
დოკუმენტში საუბარია მონტენეგროზე, ალბანეთზე, მოლდოვაზე, უკრაინაზე, სერბეთზე, ჩრდილოეთ მაკედონიაზე, ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, კოსოვოზე და თურქეთზე.
ევროკომისის პრესრელიზის თანახმად, მონტენეგრომ შესანიშნავი პროგრესი აჩვენა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დღემდე წინასწარ დახურა 21 თავი.
„წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმების გათვალისწინებით, მონტენეგრომ შესაძლოა, წლის ბოლომდე წინასწარ დახუროს დარჩენილი თავებიც. მიმდინარე სამუშაო მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულებაზე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ფინანსურ პაკეტზე საბჭოს დასკვნების მიღებასთან ერთად, ადასტურებს, რომ მონტენეგრო გაწევრიანების პროცესის საბოლოო ეტაპთან ახლოსაა. რეფორმებისკენ მიმართული მდგრადი ძალისხმევა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კვლავ აუცილებელ წინაპირობად რჩება“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
რაც შეეხება ალბანეთს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა განაგრძობს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
„საანგარიშო პერიოდში მან გახსნა ბოლო დარჩენილი კლასტერი, დააკმაყოფილა შუალედური ეტაპები კანონის უზენაესობის თავებში, რითაც გზა გაუხსნა ოთხი თავის წინასწარ დახურვას. ახლა საჭიროა მუდმივი ძალისხმევა ყველა დარჩენილ თავზე. ალბანეთის ამბიციური, მაგრამ მიღწევადი მიზნის, 2027 წლისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების, მისაღწევად საჭიროა რეფორმების დინამიკის შენარჩუნება და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა. დინამიკის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება ევროკავშირთან დაკავშირებული მაღალი ხარისხის რეფორმების სწრაფი განხორციელება. ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო მობილიზაცია დემოკრატიული ტრანზიციის შემდეგ. ევროკავშირში გაწევრიანება არის მთელი საზოგადოების ჩართულობის პროცესი, რომელიც მოითხოვს კონსტრუქციულ დიალოგს“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვამ სტაბილური პროგრესი განაგრძო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გასული წლის განმავლობაში გახსნა ოთხი კლასტერი.
„კომისიის შეფასებით, მოლდოვამ დააკმაყოფილა ყველა დარჩენილი კლასტერის გახსნისთვის საჭირო პირობები. მოლდოვამ გააძლიერა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ყველა თავში და მიაღწია შემდგომ პროგრესს კანონის უზენაესობის მთავარ რეფორმებში. მან ასევე ძალიან არსებითი პროგრესი აჩვენა ფუნდამენტური კლასტერის ქვეშ არსებული შუალედური ეტაპების მიღწევის მიმართულებით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვამ შეინარჩუნოს რეფორმების მიმდინარე ტემპი, რათა ქვეყანამ შეძლოს მიჰყვეს თავის ამბიციურ, მაგრამ მიღწევად მიზანს – 2028 წლის დასაწყისისთვის დაასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
უკრაინასთან დაკავშირებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ერთგული რჩება ევროკავშირში გაწევრიანების გზისადმი რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული გამოწვევების მიუხედავად.
„გასული წლის განმავლობაში მან გახსნა ოთხი კლასტერი. კომისიის შეფასებით, უკრაინამ დააკმაყოფილა პირობები, რომლებიც საჭიროა ყველა დარჩენილი კლასტერის გასახსნელად. უკრაინამ განაგრძო წინსვლა ძირითად სექტორულ რეფორმებში. კორუფციასთან ბრძოლის მისი ინსტიტუციური ჩარჩო კვლავ ეფექტიანია – სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტები განაგრძობენ ფუნქციონირებას ზოგადად დამოუკიდებლად და ეფექტიანად. ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონის უზენაესობის შუალედური ეტაპების დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე საგზაო რუკების შესრულებაზე, რომლებიც ეხება კანონის უზენაესობას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო მმართველობის რეფორმასა და ეროვნული უმცირესობების სამოქმედო გეგმას. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ განაგრძოს რეფორმების ტემპის დაჩქარება, რათა ქვეყანა მზად იყოს, შეასრულოს თავისი ამბიციური მიზანი – 2028 წლის ბოლოსთვის დაასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება სერბეთს, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ქვეყანას გაწევრიანების მოლაპარაკებებში რამე არსებითი პროგრესი არ ჰქონია.
„საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა საზოგადოებრივი პოლარიზაციის ზრდით, მათ შორის წინასაარჩევნო კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა წინ წაწია მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით, გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებული უარყოფითი ტენდენციები ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება სერბეთის ევროპული გზა. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაბალ დონეზე დარჩა. სერბეთმა ასევე უნდა შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგიდან, რომელიც მისი ევროპული პერსპექტივის განუყოფელი ნაწილია. სერბეთში ჩატარებულმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა ახლად არჩეულ მთავრობას რეფორმების ძლიერი მანდატი მისცა. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით დამოკიდებული იქნება ახლად არჩეული მთავრობის ძალისხმევაზე, შეაბრუნოს უარყოფითი ტენდენციები და პრიორიტეტად აქციოს ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის დემოკრატიული კრიტერიუმები, სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. მან უნდა აღადგინოს პატივისცემაზე დამყარებული დემოკრატიული დიალოგი, აჩვენოს მკაფიო და ორაზროვნებას მოკლებული ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, მათ შორის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობისა და შერიგების, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევის კუთხით“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.
რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ განაგრძო მუშაობა ფუნდამენტური საკითხების კლასტერის გახსნის კრიტერიუმებზე.
„ეს მოიცავს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მიღებას და მუშაობის გაგრძელებას კანონის უზენაესობის საგზაო რუკაზე, უმცირესობების შესახებ თანმხლებ სამოქმედო გეგმასთან ერთად. ჩრდილოეთ მაკედონიას ჯერ კიდევ აქვს მისაღები აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორებები, რომელთა განხორციელების ვალდებულებაც იკისრა. საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა თავისი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში, რითაც ის „რეფორმებისა და ზრდის ფონდის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის კვლავაც აუცილებელია გაძლიერებული ძალისხმევა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად და მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შესასრულებლად“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.
ბოსნია და ჰერცეგოვინას შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანა საჯაროდ აცხადებდა ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ერთგულებას, როგორც სტრატეგიულ მიზანს, ამავდროულად სულ უფრო შორდებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.
„საყოველთაო არჩევნების წინ გახშირდა პოლიტიკური პოზირება, დაპირისპირების რიტორიკა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები. არჩევნების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ სწრაფად უნდა განაგრძოს ყველა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება და აჩვენოს განახლებული ერთგულება ევროკავშირის რეფორმების განხორციელების მიმართ. ბოსნია და ჰერცეგოვინას ასევე სჭირდება, სასწრაფოდ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა სრულად ისარგებლოს რეფორმებისა და ზრდის ფონდის ფარგლებში მიღებული რეფორმების დღის წესრიგით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ კოსოვოში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესი გახანგრძლივებული ინსტიტუციური კრიზისის ფონზე შეჩერდა, რაც პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური შეთანხმებით შემსუბუქდა.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში და სრული შესაბამისობა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, შემაშფოთებელი ცვლილებები აღინიშნა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით.
ჩრდილოეთ კოსოვოში ადგილობრივი მმართველობის გადაცემის შემდეგ, კომისიამ მოხსნა კოსოვოს წინააღმდეგ მიმართული ზომები, განაახლა ჩართულობა სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის დიალოგის მეშვეობით და აღადგინა ფინანსური დახმარების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული გზის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, კოსოვომ უნდა გააძლიეროს რეფორმების პროცესი და შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგიდან, რომელიც მისი ევროპული პერსპექტივის განუყოფელი ნაწილია. კომისია მზადაა, მოამზადოს დასკვნა კოსოვოს წევრობის განაცხადზე, თუ ამას საბჭო მოითხოვს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება თურქეთს, ევროკომისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ თურქეთი რჩება კანდიდატ ქვეყნად და ევროკავშირის მთავარ პარტნიორად.
„ევროკავშირი აგრძელებს თურქეთთან ურთიერთობების ეტაპობრივ, პროპორციულ და შექცევად განვითარებას, ორმხრივი ინტერესის სფეროებში ჩართულობით. თუმცა, არჩეული თანამდებობის პირების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ აღძრული სამართლებრივი ქმედებები გაძლიერდა, რაც მზარდ შეშფოთებას იწვევს თურქეთის მიერ ძირითადი დემოკრატიული პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით. თურქეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გამოცხადებულ მიზანსა და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების უკუსვლას შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაფართოვდა. 2018 წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები კვლავ გადაუჭრელი რჩება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ძალაში რჩება კომისიის შეფასება იმის შესახებ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელითღაა.
„საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს კომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ცხრა ნაბიჯს კანდიდატის სტატუსისთვის, რადგან მმართველმა პარტიამ განაგრძო დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის შელახვა, პარალელურად კი ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიტაცების შემდგომ გაღრმავებას. თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის და კვლავ არ უერთგულებს ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველში მდებარე პრინციპებს, საქართველო კვლავაც ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანებამდელი პროცესის სიკეთეებით. ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში, რომელიც გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გავრცელდა.