ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას შეუერთდა, დღეიდან ამოქმედდება
ევროკავშირმა საქართველოს ციფრული კოვიდ-პასპორტი აღიარა. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუთანაბროს ევროკავშირის მიერ გაცემული ციფრული კოვიდ-პასპორტი საქართველოს, მოლდოვის, სერბეთისა და ახალი ზელანდიის მიერ გაცემულ კოვიდ-პასპორტებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამგვარად, აღნიშნული ოთხი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდებიან ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას. ანალოგიურად, აღნიშნული ოთხი ქვეყანა მიიღებს ევროკავშირიდან მათთან ჩასული მოგზაურების კოვიდ-სერტიფიკატებს.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ელოდებიან, რომ შეუერთდნენ ევროკავშირის სისტემას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხუთი კონტინენტის 49 ქვეყანა და ტერიტორია შეუერთდა ევროკავშირის ციფრული კოვიდ-პასპორტების სისტემას. განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, რათა გავაძლიეროთ მოგზაურთა ნდობა ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო მოგზაურობისადმი“, – განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო, მოლდოვა და სერბეთი ევროკავშირის ციფრული კოვიდ-პასპორტების სისტემას შეუერთდნენ.
„ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა უსაფრთხოდ გავხსნათ ქვეყნები. აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის წინ ჩვენ კარგი ამბავი მოვიტანეთ. მივესალმები, რომ საქართველო, მოლდოვა და სერბეთი შეუერთდნენ ჩვენი ციფრული კოვიდ-პასპორტების სისტემას. მოუთმენლად ველოდები, რომ რაც შეიძლება მალე, მას უფრო მეტი ჩვენი მეზობელი შეუერთდეს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდება.