ევროკომისიის ენერგეტიკულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს
ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს. „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა.
როგორც სააგენტო წერს, ბოლდუინი მიმდინარე კვირას იმყოფებოდა ნიგერიაში, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. მისი თქმით, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ნიგერია აუმჯობესებს უსაფრთხოებას მდინარე ნიგერის დელტაში და გეგმავს „ტრანს-ნიგერის გაზსადენის“ ამუშავებას, რაც ევროპაში მეტი გაზის ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა.
„მათ გვითხრეს, მოდით და ვისაუბროთ კიდევ აგვისტოს ბოლოს, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ამ საკითხში“, – განაცხადა ბოლდუინმა „როიტერთან“ ინტერვიუში.
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი ნიგერიიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის 14%-ის იმპორტს ახორციელებს და იმედოვნებენ, რომ ეს მოცულობა უახლოეს მომავალში გაორმაგდება.
მიმდინარე კვირას ევროკომისიაში განაცხადეს, რომ წევრმა ქვეყნებმა 15%-ით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება აგვისტოდან მარტამდე პერიოდში. კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება ნებაყოფლობითია, თუმცა საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.