ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, თუმცა უნგრეთის პოზიციის გამო, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, თუმცა უნგრეთის პოზიციის გამო, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

ევროკომისიის პრესსპიკერის, ანა პისონეროს განცხადებით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროკომისია მიიჩნევს, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისაღებია და მათ უნდა დაამტკიცონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო. როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეროგატივაა, მოიწვიოს სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რათა ფორმალურად დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე ანა პისონერომ.

როგორც ევროკომისიაში განმარტეს, უკრაინის შემთხვევაში შესრულებული კრიტერიუმები მოიცავდა კორუფციასთან საბრძოლველად საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, ოლიგარქიის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმის ფარგლებში პოლიტიკური ლობიზმის შესახებ კონტროლის გამკაცრებას, თანამდებობის პირთა ქონების გამჭვირვალობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. მოლდოვის შემთხვევაში კი შესრულებულ კრიტერიუმებს შორის დასახელებული იყო ე.წ. ვეტინგის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ასევე ახალი გენერალური პროკურორის შერჩევა, რაც, ევროკომისიის შეფასებით, გამჭვირვალე და დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი იყო, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმირებისთვის გადადგმული ნაბიჯები, დეოლიგარქიზაციის კუთხით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ჩარჩოს დასამტკიცებლად საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა. როგორც ცნობილია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგ გამოდის უნგრეთი. როგორც მედია წერს, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ჩარჩოს დამტკიცება ვერ შეძლეს. ანონიმური წყაროების ცნობით, უნგრეთი აცხადებს, რომ არსებობს წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს.

„უნგრეთმა ისევ გაიხსენა 11 საკითხი, წაიკითხა მოლაპარაკებების ჩარჩოში შესატანი ორი შესწორება კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ, ასევე ახსენა ისიც, რომ ევროკავშირმა უნდა წაიწიოს წინ სერბეთისა და ალბანეთის გაწევრიანების პროცესშიც. დანარჩენი ყველა წევრი ქვეყნის ელჩი ხმამაღლა და მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკომისიის შეფასებას და უარყოფენ ახალი პირობების წამოყენებას. ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ, რომ სამთავრობათაშორისო კონფერენცია 25 ივნისს გაიმართოს“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს შემდეგ კვირაში დაუბრუნდებიან.