ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კიევისგან ელოდებიან ნაბიჯებს აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად
ევროკომისია ელოდება კიევისგან ნაბიჯებს აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრესმდივანმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა.
„ჩვენ უკრაინასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ მომდევნო 30 დღეში ისინი აამოქმედებენ აგრაგრული პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სისტემას. ასევე, კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინული აგრარული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი არ გაიზრდება. ჩვენ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, სადაც ამას განვიხილავთ და უკრაინა წარმოადგენს ზომებს, რომლებიც კიევმა მიიღო, ასევე, სამოქმედო გეგმას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვა აღარ გახანგრძლივდება, იმ პირობით, რომ კიევი ექსპორტის შემზღუდავ ზომებს მიიღებს.
მიუხედვად ამისა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს, უკრაინული აგრაგრული პროდუქციის იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები შემოიღონ. კიევში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებენ.