ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სავაჭრო მოქმედებები მიუღებელია
უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტზე პოლონეთისა და უნგრეთის მიერ დროებითი აკრძალვის დაწესების გამო ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სავაჭრო მოქმედებები მიუღებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებების შესახებ. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სავაჭრო პოლიტიკა არის ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენცია და, შესაბამისად, ცალმხრივი მოქმედებები მიუღებელია. გამოწვევებით სავსე ასეთ პერიოდში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მედიასაშუალებისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში.
შეგახსენებთ, პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალეს. შესაბამის გადაწყვეტილებას უკრაინის ორი მეზობელი ქვეყანა სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სექტორის დაცვით ხსნის.