ევროკომისია იტალიის მთავრობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზედმეტ პოლიტიკურ გავლენაში ადანაშაულებს, ქვეყნის მმართველი პარტია კი ევროკომისიის კრიტიკას არ ეთანხმება
ევროკომისია იტალიის მთავრობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზედმეტ პოლიტიკურ გავლენაში ადანაშაულებს და მიუთითებს, როგორ ინიშნება ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა.
მედიის ცნობით, იტალიის მმართველი პარტია არ დაეთანხმა კანონის უზენაესობის ყოველწლიურ ანგარიშში გამოქვეყნებულ ევროკომისიის კრიტიკას, რომელიც მოუწოდებს იტალიის მთავრობას, მეტი გააკეთოს თავისი საზოგადოებრივი მედიის სათანადო დაფინანსებისა და ჟურნალისტების დასაცავად.
ამასთან, ულტრამემარჯვენე „იტალიის ძმების“ დეპუტატმა, ჯანჯაკომო კალოვინმა განაცხადა, რომ ანგარიშში აქცენტი დღევანდელ მთავრობაზე უსამართლოა, რადგან საკითხი საკმაოდ დიდი ხანია, არსებობს და ის არ შეიძლება, მხოლოდ მელონის მთავრობასთან იყოს დაკავშირებული.
გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იტალიური მედია ექვემდებარება პოლიტიკურ ზეწოლას გაშუქებასთან დაკავშირებით.
„მმართველობის სისტემის ეფექტურობა „რაის“ სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად წარმოადგენს იტალიაში დიდი ხნის შეშფოთების წყაროს. დაინტერესებულმა მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ „რაის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორის და სხვა უმაღლესი დონის ფიგურების, მათ შორის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორების დანიშვნის შემდეგ მოხდა სარედაქციო ცვლილება, რამაც გამოიწვია რამდენიმე ჟურნალისტისა და წამყვანის გადადგომა. პოლიტიკური გავლენის რისკები მომდინარეობს „რაის“ უმაღლესი მენეჯერული პოზიციების ხელახალი ორგანიზების დამკვიდრებული პრაქტიკიდან, რომელიც ეფუძნება საარჩევნო ციკლებიდან წარმოქმნილი პოლიტიკური ძალების ბალანსს“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
მაისში იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც სარედაქციო ჩარევის შესახებ პრეტენზია გამოთქვეს.