ევროკომისია - „გუგლი“, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის პირობას არ ასრულებენ
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ინტერნეტკომპანია „გუგლი“, ასევე სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად არასათანადო ზომებს მიმართავენ და ამგვარად ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ფეისბუქმა“, შეთანხმების მიუხედავად, არ წარადგინა შეცდომაში შემყვანი რეკლამასთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები.
ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ „ტვიტერს“ არ წარმოუდგენია ანგარიში იმასთან დაკავშირებით, როგორ გააუმჯობესა კონტროლი რეკლამის განთავსებაზე, „გუგლის“ მონაცემებს კი კონკრეტიკა აკლია და კომპანია არ განმარტავს, რა ზომებს მიმართა დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ჯულიან კინგი აკრიტიკებს სამივე კომპანიას იმისთვის, რომ დაპირების მიუხედავად, მათ ყოველთვიურ ანგარიშში პროგრესი არ შეინიშნება.
„სამწუხაროდ, ისინი კიდევ უფრო ჩამორჩნენ. ისინი უნდა შეესაბამებოდნენ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ვთხოვთ და რომლებსაც მათ ხელი მოაწერეს“, – დაწერა ევროკომისარმა „ტვიტერში“.