ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის წინააღმდეგ ცალმხრივი ზომების შემოღებისგან
ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის წინააღმდეგ ცალმხრივი ზომების შემოღებისგან. ამის შესახებ ბრიფინგზე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
„ზომები იქნება მიღებული უკრაინული მხრიდან და აშკარაა, რომ ევროკომისიაც გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და ბაზრის დესტაბილიზაცია თუ მოხდება, უსაფრთხოების საგანგებო ზომების საფუძვლიანი აუცილებლობა თუ გაჩნდება, ეს ჯერ კიდევ რჩება ვარიანტად. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ იმუშაოს კომპრომისის სულისკვეთებით, ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. რა თქმა, საუკეთესო იქნებოდა, რომ წევრმა ქვეყნებმა თავი შეიკავონ ცალმხრივი ზომებისგან და იმუშაონ შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ აღარ გაახანგრძლივა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მაისის დასაწყისიდან მოქმედებდა. ევროკომისიის განცხადებით, უკრაინას 18 სექტემბრის ბოლომდე აქვს ვადა ექსპორტის ეფექტიანი კონტროლის ზომების წარსადგენად.
ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.