ევროკომისია ადასტურებს, რომ კოსოვო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არის
ევროკომისია ადასტურებს, რომ კოსოვომ ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არის. ამის შესახებ ბრიუსელში, მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.
„დღეს შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კოსოვომ ვიზალიბერალიზაციის „საგზაო რუკის“ ყველა ეტაპი გაიარა. ეს მარტივი არ ყოფილა, ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ვაფასებთ სამუშაოს, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა მთავრობამ ბოლო თვეებში გაწიეს“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.
ავრამოპულოსმა დადებითად შეაფასა კოსოვოს მიერ განხორციელებული ზომები ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს ვიზალიბერალიზაციისთვის ბოლო შესასრულებელი კრიტერიუმი იყო მას შემდეგ, რაც მარტში კოსოვომ მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
„ახლა შემდგომი ნაბიჯი ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოზეა დამოკიდებული, რომლებმაც ევროკომისიის 2016 წლის საკანონმდებლო ინიციატივა უნდა დაამტკიცონ და მე მოვუწოდებ მათ, რომ ეს სწრაფად გააკეთონ“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ითვალისწინებს როგორც უფლებებს, ისე ვალდებულებებს.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.