ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას გავაგრძელებთ
ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას გავაგრძელებთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ალიანსი. ეს ინიციატივა არ არის გავლენის სფეროების მოპოვებისთვის შექმნილი. ეს არის პოზიტიური თანამშრომლობა, რომელსაც სარგებელი მოაქვს ჩვენი პარტნიორების მოქალაქეებისათვის,- განაცხადა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, ქრისტოს სტილიანიდესიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას.
სტრასბურგში შეკრებილმა დეპუტატებმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაზე იმსჯელეს. პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა პარტნიორობას დიდი ხანია გასცდა. მათი განცხადებით, რუსეთი ევროკავშირის მიმართ სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება და ამას ბევრი მაგალითი ამყარებს.
ქრისტოს სტილიანიდესიმ შესავალ სიტყვაში ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ვითარებაზე, ყირიმის ანექსიაზე, დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლასა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
„რუსეთთან ურთიერთობებში ევროკავშირის წევრების და ევროპული ინსტიტუტების ერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, ეს არის ძლიერი სიგნალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. ეს არის დემონსტრირება, რომ ევროკავშირი მზად არის დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებითი ცვლილება მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებაზეა დამოკიდებული. ვაგრძელებთ ე.წ. ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერას. ევროპული საბჭო მსჯელობს, თუ რა ფორმით და რა მექანიზმებით შეიძლება ევროკავშირმა პროცესს ხელი შეუწყოს. ეს ეხება პოლიტიკურ დონეზე განცხადებებს და ჰუმანიტარულ საკითხებსაც“, – განაცხადა ევროკომისარმა.