ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი - ბრიუსელის მინისტერიალზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა
ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი აცხადებს, რომ ბრიუსელში დღეს გამართულ მინისტერიალზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, – ამის შესახებ ევროკომისარმა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი დაინტერესდა, დააყენა თუ არა გერმანიამ ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე საკითხი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არღვევენ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ; ასევე, განიხილება თუ არა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ ევროკავშირი კმაყოფილია საქართველოს მთავრობის განმარტებებით ამ საკითხზე.
„როგორც გესმით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ თემის შესახებ და გავუზიარეთ ჩვენი წუხილი საქართველოს ხელისუფლებას. მე პირადად მაქვს კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ჩვენთან და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც ეს იყო სხვა მსგავს შემთხვევებში“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
ავრამოპულოსის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია გულისხმობს უფლებებსაც და ვალდებულებებსაც.
„ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვულია“, – განაცხადა ევროკომისარმა და დაამატა, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, – აღნიშნა ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს საკითხს 26 მარტს დაუბრუნდებიან.