ევროკავშირში მოგზაურთა წინასწარი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის, ETIAS-ის ამოქმედება 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიდო
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ETIAS) ამოქმედების 2025 წლის გაზაფხულამდე გადადებას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ნათქვამია მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების თანახმად, საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის საინფორმაციო სისტემების ამოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ახალ გრაფიკს. ეს სისტემები წევრ ქვეყნების მიერ გამოიყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზღვრების კონტროლისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის. მინისტრებს ახალი სისტემის ამოქმედების გადავადების შესახებ ევროკომისიამ მიმართა.
ევროკავშირი პოლიციის, სასაზღვრო და სასამართლო ხელისუფლებების მხარდასაჭერად რამდენიმე ელექტრონულ სისტემაზე მუშაობს. მათ შორის არის ETIAS – ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ის ასამოქმედებლად მზად იქნება 2025 წლის გაზაფხულზე.
სისტემის ამოქმედების შემდეგ იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. მომსახურების გადასახადი 18-იდან 70 წლამდე პირებისთვის შვიდი ევროთი განისაზღვრა.
მოგზაურთათვის ახალი რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო გეგმით, ის 2024 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
ასევე 2024 წლის აგვისტოდან ევროკავშირი ბლოკში შესვლისა და გასვლის სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც პასპორტებში ბეჭდის დარტყმას ელექტრონული აღრიცხვით ჩაანაცვლებს.