ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენელი - პეკინს შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მიზნებს, დაიბრუნოს 1991 წლის მდგომარეობით თავისი ტერიტორიული მთლიანობა
ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენელი ფუ კონგი აცხადებს, რომ პეკინს შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებაში.
როგორც ფუ კონგმა „ალჯაზირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, პეკინს შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მიზნებს, დაიბრუნოს 1991 წლის მდგომარეობით თავისი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მოიცავს რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.
ფუ კონგი ამბობს, რომ პეკინი პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს მშვიდობას.
როდესაც ფუ კონგს ჟურნალისტებმა ჰკითხეს კიევის მიზნების მხარდაჭერის შესახებ, რაც მოიცავს რუსეთის მიერ ახლა ოკუპირებული სხვა უკრაინული რეგიონების დაბრუნებას, ჩინელმა დიპლომატმა თქვა: „მე არ მესმის, რატომ არა.“
„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, როდესაც ჩინეთმა დაამყარა ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა კავშირთან, ჩვენ შევთანხმდით, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს არის ისტორიული საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკება და რომლის მოგვარებაა საჭირო რუსეთისა და უკრაინის მიერ. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, -განაცხადა ფუ კონგმა.
ცნობისთვის, 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსიის ცნობის საკითხზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფერენდუმი ჩატარდა, ჩინეთმა თავი შეიკავა კენჭისყრისგან და გაერო-ში ჩინეთის მაშინდელმა წარმომადგენელმა, ლიუ ჯიეიმ თქვა: „ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევას და პატივს სცემდა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.