ევროკავშირში ბულგარეთის ელჩი - დაინტერესებული ვართ, ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით
ევროკავშირში ბულგარეთის ელჩი - დაინტერესებული ვართ, ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ბულგარეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროკავშირში ბულგარეთის ელჩმა დიმიტერ ცანჩევმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება იმ წერტილიდან, რაც ევროკავშირის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ქვეყანამ – ესტონეთმა დაუტოვა ბულგარეთს.

„დაინტერესებული ვართ, ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით. გვაქვს არაჩვეულებრივი და ნაყოფიერი ორმხრივი ურთიერთობა მაგალითად, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა გეგმები და ამოცანები დასახა. რაც შეეხება ევროპულ მომავალსა და პერსპექტივას, უნდა ითქვას, რომ ასოცირებულ ქვეყნებთან სხვა ტიპის თანამშრომლობა გვაქვს, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები კანდიდატები არიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს ორგანიზაცია აფასებს, აფასებს რეფორმებს და ეხმარება ამ გზაზე“, – აღნიშნა დიმიტერ ცანჩევმა.

რაც შეეხება რუსეთის საკითხს, ევროკავშირში ბულგარეთის ელჩის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია არის მტკიცე და ერთიანი და რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ გვსურს, რუსეთი იყოს სანდო პარტნიორი. რუსეთს შეუძლია შეასრულოს კონტრუქციული როლი კრიზისების მოგვარების საკითხებში. რუსეთთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია არის მტკიცე და ერთიანი. ევროპულმა საბჭომ რუსეთთან ურთიერთოებებში სტრატეგია ჩამოაყალიბა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესა სანქციები. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მინსკის შეთანხმების შესრულებამდე. ეს არის ევროკავშირის პოზიცია. რუსეთთან ურთიერთოებების აღსადგენად საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა  ევროკავშირში ბულგარეთის ელჩმა დიმიტერ ცანჩევმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში .

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.