ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას დააკისრა
ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას დააკისრა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, სირიის შესახებ მიღებულ დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი.
„სირიის კონფლიქტის ფარგლებში განუწყვეტელი და ფართოდ გავრცელებული ძალადობის, ყველა მხარის მიერ ადამიანის უფლებებისა საერთაშორისო სამართლის მუდმივი და უხეში დარღვევების, მათ შორის სირიის რეჟიმისა და „ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქიმიური იარაღის არაერთგზის გამოყენების მერვე წელი დაიწყო. კატასტროფულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და სირიელი ხალხის ტანჯვაზე მთავარი პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ეკისრება. ჩვენ მკაცრად ვგმობთ სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გაგრძელებას, მათ შორის დუმაში განხორციელებულ ბოლო თავდასხმას, რომელიც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და ადამიანის ღირსების შელახვაა. ამ კონტექსტში, საბჭო აცნობიერებს, რომ აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წერტილოვანი ავიადარტყმები სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე განსაკუთრებული ზომები იყო, რომელთა ერთადერთ მიზანს სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის მოსაკლავად, ქიმიური იარაღისა და ქიმიური ნივთიერებების იარაღად გამოყენების გამეორების თავიდან აცილება წარმოადგენდა. საბჭო მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციისკენ“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
თერთმეტ გვერდიანი დოკუმენტი 15 პუნქტს მოიცავს და მასში ევროკავშირი სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროკავშირი მოუწოდებს სირიის ხელისუფლებასა და მის მოკავშირეებს – ირანსა და რუსეთს, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეუშვან სირიაში ჰუმანიტარული ორგანიზაციები.
ევროკავშირის საბჭო ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, აამოქმედოს მექანიზმი, რათა დამნაშავეებმა ქიმიური თავდასხმებისთვის პასუხი აგონ.
ამასთან, ევროკავშირი სირიის რეკონსტრუქციაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური სამშვიდობო პროცესის დაწყების შემდეგ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე მოუწოდებენ რუსეთსა და ირანს, გამოიყენონ თავისი გავლენა სირიის ხელისუფლებაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქიმიური იარაღის გამოყენების გამეორება.