ევროკავშირმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოსთვის სამი მლნ ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს
2020 წელს, ევროკავშირმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 84 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს, რომელთა საერთო ღირებულება სამ მილიონ ლარს აჭარბებს.
საგრანტო კონკურსი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში საქართველოს მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პროდუქტიულობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მდგრადი წარმოების მხარდაჭერას.
საგრანტო თანადაფინანსება ისეთი კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გაიცა, როგორიცაა ნიადაგის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, მეცხოველეების ფერმებისთვის განკუთვნილი დანადგარების, რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა-დამონტაჟება და ა.შ.
ამავდროულად, კლიმატგონივრული და ხარჯის დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვის მიზნით, ევროკავშირმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ წვლილი შეიტანეს ისეთი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების შესყიდვა-გავრცელებაში, როგორიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები.
უკვე გაცემული სამი მილიონის გარდა, დეკემბერის თვეში კიდევ 18 ბენეფიციარს დაუმტკიცდა 2,6 მილიონი ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება, რომელთა გაცემა ამჟამად მიმდინარეობს.