ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ვენესუელას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგების დამადასტურებელი მტკიცებულება
ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ვენესუელას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგების დამადასტურებელი მტკიცებულება

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ვენესუელაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც უკვე ერთი კვირაა, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა მოუწოდებს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მათი თქმით, აუცილებელია, არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა დადასტურდეს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციამ შეაგროვა შევსებული საარჩევნო ბიულეტენების 80 პროცენტი და ეს დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მათ გაიმარჯვეს.

„აუცილებელია დოკუმენტაციის გამოქვეყნება. ეს შემოწმება საჭიროა ვენესუელელი ხალხის ნების აღიარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, განცხადებაში ევროკავშირის შვიდი ქვეყანა გმობს ვენესუელის მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებას.

არჩევნების შემდეგ გამართულ მიტინგებზე ამ დროისთვის დაკავებულია 2000 ადამიანი.

ცნობისთვის, ვენესუელის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებში 52-პროცენტიანი მხარდაჭერით ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.

დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები სათანადოდ გამჭვირვალედ არ ჩატარებულა.