ევროკავშირის სამიტზე კვიპროსის წყლებში თურქეთის მოქმედებას განიხილავენ
23 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე კვიპროსის წყლებში თურქეთის მოქმედებას განიხილავენ. ევროკავშირში ამბობენ, რომ საკითხის განხილვის წინადადება კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა დააყენა.
რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა კომპანია Eni-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მცურავი საბურღი პლატფორმა Saipem 12000 თურქულმა სამხედრო გემებმა დაბლოკეს. პლატფორმამ კვიპროსის ექსკლუზიურ ტერიტორიულ წყლებში ნახშირწყალბადის საბადოს აღმოსაჩენად სადაზვერვო ბურღვითი სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
იტალიური კომპანიის მიმართ პროტესტი გამოთქვა თურქეთმა. თურქეთის პრეზიდენტმა იტალიაში ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ანკარა აღნიშნულ ზონაში გაზის მოპოვებას თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს. ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკას მხოლოდ თურქეთი აღიარებს.