ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ მიუღებელია ცხინვალის რეჟიმის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ გაამწვავებენ დაძაბულობას
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწრივ დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან, რომლებიც უსაფრთხოებასა და ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხება, ეს მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.
სანაცვლოდ გამოყენებულ უნდა იქნას მექანიზმები ინციდენტების პრევენციისთვის და გამოინახოს გადაჭრის გზები – ისეთი, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (ერგნეთში) და მუდმივად გამოიყენონ ჟენევის დისკუსიები.
ასევე, ე.წ. სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც დახურულია ადრეული სექტემბრიდან, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას.
ეს ყველაფერი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული სხვა პრობლემების გადასაჭრელად.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიტუაციის დასტაბილურებაში. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მხრიდან მცდელობები, როგორც განცხადებების, ასევე ქმედების თვალსაზრისით, მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ, ამ საქმიანობის შეწყვეტისკენ, მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ და კიდევ ერთხელ აცხადებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.