ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები ამჟამად იმყოფებიან დიდ ხურვალეთთან და აგრძელებენ მონიტორინგს.
„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – წერს „ტვითერზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.