ევროკავშირის საბჭომ საინფორმაციო მანიპულაციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირის საბჭომ საინფორმაციო მანიპულაციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
საბჭოს განცხადებით, შეზღუდვები დაუწესდა შვიდ ფიზიკურ პირსა და ხუთ კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ციფრული საინფორმაციო მანიპულაციური კამპანიისთვის, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის დამახინჯება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება.
ევროკავშირის განცხადებით, აღნიშნული კოორდინირებული და მიზნობრივი საინფორმაციო მანიპულაცია არის ევროკავშირისა და მისი წევრების წინააღმდეგ რუსეთის ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი.
კერძოდ, საბჭომ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გრუ-სთან დაკავშირებული ონლაინგამოცემა „ინფოროსი“ და მისი სამი დამფუძნებელი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რუსული არაკომერციული ორგანიზაცია ANO Dialog-ი, რუსული დიასპორის ინსტიტუტი, ასევე ორი რუსული IT-კომპანია, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ციფრულ დეზინფორმაციულ კამპანიაში. სანქციები დაუწესდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ამჟამად დაახლოებით 1 800 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებს.