ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2019 წლის ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2019 წლის ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2019 წლის ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ბრიუსელში მოლაპარაკებები შეწყდა, რადგან მხარეებმა შეთანხმების მიღწევა დადგენილ ვადაში, 20 ნოემბრამდე ვერ შეძლეს.

„საბჭო წუხს, რომ ევროკავშირის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა. საბჭო ყველანაირად ცდილობდა გადაწყვეტილების მოძებნას. თუმცა მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე შევძლებთ“, – განაცხადა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა და 2019 წლის ბიუჯეტის საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის საბჭოს მთავარმა წარმომადგენელმა ჰარტვიგ ლოგერმა.

თავის მხრივ, საბიუჯეტო საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკომისია ბიუჯეტის განახლებულ პროექტს წარადგენს, რათა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა წლის ბოლომდე უზრუნველყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტით, 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 165,6 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტზე 3%-ით მეტია. ევროკავშირის წევრები მისი 1,5 მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვენ, ევროპარლამენტის დეპუტატები კი – 770 მილიონით გაზრდას.

ევროპარლამენტს ასევე თურქეთში მყოფი ლტოლვილების დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხის შემცირება სურს.