ევროკავშირის საბჭო სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებსა და სკრიპალის საქმეზე დღეს იმსჯელებს
ევროკავშირის საბჭო სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებსა და სკრიპალის საქმეზე დღეს იმსჯელებს

ევროკავშირის საბჭო სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებსა და ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის სკრიპალის საქმეზე დღეს იმსჯელებს. ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.

განხილვის თემებს შორის ერთ-ერთი მთავარი, თავდაპირველად, ლონდონში მოწამლული სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საქმესთან რუსეთის კავშირი იყო. მოგვიანებით, დღის წესრიგს დაემატა სირიაში განხორციელებული დარტყმები. მანამდე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას მხარი დაუჭირა.
წინასწარი ცნობით, არ არის გამორიცხული რომ ევროპელმა დიპლომატებმა დღევანდელ სხდომაზე სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციებზე იმსჯელონ, რომლებიც დამასკოს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაუწესდება.
ევროპული მედიის ცნობით, რუსეთის საკითხზე საუბრისას, დიპლომატები 4 მარტს სოლსბერიში მოწყობილი თავდასხმის თემას შეეხებიან. წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვის მიმართ ახალი სანქციების დაწესება ჯერ არ იგეგმება, თუმცა ევროკავშირი მოქმედი შეზღუდვების ვადის გახანგრძლივებას აპირებს.

ამას გარდა, ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განიხილება ირანი საკითხი და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები.