ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებოდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC) უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატრულირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მდგომარეობის შესახებ.
„უფრო კონკრეტულად, მათ განმარტეს, რა უარყოფითი გავლენა აქვს „ბორდერიზაციას“ და გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის დახვედრის შემდეგ მისიის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ.
„ღრმად მადლობელი ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 300-ზე მეტი თანამშრომელისაგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელობის პატივისთვის. ჩვენ ერთად ვცდილობთ, უზრუნველვყოთ საომარი ქმედებების განუახლებლობა და ხელი შევუწყოთ დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენას“, – აღნიშნა ბეტინა პატრისია ბუგანიმ.
ამასთან, მისივე თქმით, ბუგანიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დელეგაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უსაფრთხოების ვითარების პირადად ნახვას, რადგან ეს მათ უშუალოდ აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს გაეცნონ. მისივე ცნობით, ეს უმნიშვნელოვანესს როლს ითამაშებს რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობის ძალისხმევების მხარდამჭერი ევროკავშირის გადაწყვეტილებების შემუშავებისას.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი შედგება ბრიუსელში მოღვაწე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან.
„ის უზრუნველყოფს იმ სფეროების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, რომელსაც მოიცავს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP), ასევე ამზადებს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.