ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის პარტნიორად მიღების შესახებ შეთანხმება შედგა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორად მიღების შესახებ შეთანხმება შედგა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ასამბლეა საბჭოს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ნანდოშვილმა და ნოტარიუსმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრმა, ნინო ხოფერიამ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოსთან პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობაზე.
სამინისტროს ცნობით, პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნოტარიუსები. წელიწადში ერთხელ მხარეები განიხილავენ სანოტარო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: დიგიტალიზაციას, სანოტარო სამართლის განვითარებას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას და სხვა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე ქართული ნოტარიატის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან აქტიური ურთიერთობა ქართული სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში სრული გაწევრიანებისთვის აუცილებელია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის წევრობა. საერთაშორისო კავშირის წევრობის პირობას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან აკმაყოფილებს.
პარტნიორად მიღების შეთანხმებას წინ უძღოდა 2023 წლის ივლისში გერმანიის ფედერალური ნოტარიუსთა პალატის სამართლებრივი მრჩევლის, რიჩარდ ბოკის ვიზიტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში და მემორანდუმის გაფორმება გერმანულ ნოტარიატთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.