ევროკავშირის ლიდერებმა გრანადაში ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს - გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის
ევროკავშირის ლიდერებმა გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, განიხილეს ძირითადი პრიორიტეტები, მოქმედებები, რომლებიც საჭიროა ძლიერი, დინამიკური, კონკურენტუნარიანი და შეკრული ევროპისთვის.
„ჩვენ, ევროკავშირის ლიდერები, გრანადაში შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ პროცესის დასაწყისი, რათა განვსაზღვროთ ევროკავშირის მომავალი წლის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები და პრიორიტეტები, დავსახოთ მოქმედების სტრატეგიული კურსი. ჩვენ ვიმეორებთ ევროპული პროექტის თავდაპირველ დაპირებას, რაც გულისხმობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ღირებულებებითა და პრინციპებით, ფუნდამენტური უფლებებით, დემოკრატიითა და კანონის უზენაესობის ხელმძღვანელობით.
2019 წლის ივნისში შეთანხმებული სტრატეგიული დღის წესრიგი ჩვენი მოქმედების სახელმძღვანელო იყო. პანდემიამ და რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი გამძლეობა გამოცადა, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ სუვერენიტეტის გაძლიერების აუცილებლობას და გვაიძულებს, მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხის, ეკონომიკის დასაცავად. ვერსალში შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვიმოქმედეთ გადამწყვეტად; ენერგეტიკული შანტაჟის ფონზე მნიშვნელოვნად შევამცირეთ ჩვენი დამოკიდებულებები და მრავალფეროვანი გავხადეთ მოწოდების წყაროები; მიწოდების ჯაჭვების გამკაცრებისა და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გავაძლიერეთ ჩვენი ეკონომიკური ბაზა; გადავწყვიტეთ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, დავეხმაროთ უკრაინას; გავაძლიერეთ ევროპის შესაძლებლობები.
გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე მათ ეს დასჭირდებათ. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ ჩვენი წევრებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. დავადასტურეთ, რომ ევროკავშირშია იმ ქვეყნების ხალხის მომავალი, ვინც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. მეტი უნდა გაკეთდეს. დღეს გრანადაში განვიხილეთ ძირითადი პრიორიტეტები და მოქმედებები, რომლებიც საჭიროა ძლიერი, დინამიკური, კონკურენტუნარიანი და შეკრული ევროპისთვის ცვალებად სამყაროში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისთვის.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სიძლიერე. გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური, სოციალური პირობების გაუმჯობესების მამოძრავებელი ძალა, რაც ამცირებს ქვეყნებს შორის უთანასწორობას და ხელი უნდა შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც კავშირია დაფუძნებული. შემდგომი გაფართოებული კავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, ევროკავშირიც და მომავალი წევრი ქვეყნებიც მზად უნდა იყვნენ. მსურველმა წევრებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, გაწევრიანების პროცესის დამსახურებაზე დაფუძნებული ბუნების შესაბამისად და ევროკავშირის დახმარებით. ჩვენ დავსახავთ ჩვენს გრძელვადიან ამბიციებს და მათი მიღწევის გზებს. ჩვენ განვიხილავთ ძირითად კითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს პრიორიტეტებთან და პოლიტიკასთან, ასევე მოქმედების შესაძლებლობებთან. ეს გააძლიერებს ევროკავშირს და გააძლიერებს ევროპის სუვერენიტეტს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი, ორი დღეა, მიმდინარეობს. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.